ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 10 %-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 10%-ით გაიზარდა.

შესაბამისი ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მიაწოდა, რომელიც პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს.

"საგარეო ვაჭრობის კუთხით 10- %-იანი ზრდა გვაქვს, მათ შორის იმპორტია 12 %-ით გაზრდილი, ექსპორტი კი 7 %-ით. ექსპორტს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 23 %-ზე მეტითაა გაზრილი, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ძირითადად, დსთ-ის ქვეყნებში შემცირებულია. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკაც დაკავშირებულია რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკასთან. შესაბამისად, ამ ქვეყნებში მოხდა ექსპორტის ნაწილობრივ შემცირება. ასევე ექსპორტის შემცირება მოხდა აზერბაიჯანში, რაც ავტომობილების ექსპორტის შემცირებითაა გამოწვეული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებელს, 9 თვის მდგომარეობით, შემოსავლის სახით 5 მილიარდ 833 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა."წლიური შემოსავლების მაჩვენებელი დაგეგმილი იყო 7 მილიარდ 909 მილიონი ლარის ოდენობით, 9 თვის განმავლობაში კი მობილიზებული იქნა 5 მილიარდ 8 33 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ 9 თვის გეგმა 102 %-ით, გადაჭარბებით შესრულდა. 10 თვეში, 6 მილიარდ 481 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა, რაც გეგმის 82 %-ს შეადგენს. უდიდესი წილი ნაერთ ბიუჯეტში, ისე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში, საგადასახო შემოსავლებს უჭირავს. საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი დაგეგმილი იყო 7 მილიარდ 230 მილიონი ლარის ოდენობით, 9 თვეში კი გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ამ მაჩვენებელმა შეადგინა 5 მილიარდ 308 მილიონი ლარი", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება გრანტების ნაწილს, სადაც 6 თვის მონაცემებით, ჩამორჩენა ფიქსირდებოდა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 9 თვის მდგომარეობით, გეგმის 88 %-ზე მეტი შესრულებულია.