საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიო სატელეკომუნიკაციო /ICTინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმის ფარგლებში, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე. მსოფლიო საინფორმაციო-საკომუნიკაციო განვითარების ინდექსით პირველ ადგილზე დანიაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "აღნიშნულ ანგარიშში ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი წინსვლა, ხუთი საფეხურით წავიწიეთ წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დინამიკურად ვითარდება ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენს მთავრობას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ათეულში მოვხვდეთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ITU-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რომელიც 2015 წლის იანვრიდან გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს, ჰოულინ ჟაომ კი აღნიშნა, რომ საქართველო იმ 9 ქვეყანას შორისაა, რომელთაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს საკუთარი მონაცემები რეიტინგში და ამის პერსპექტივა მომავალ წელსაც გააჩნიათ.