კახა კალაძე: ამ დროისთვის ენერგოსისტემაში პრობლემები აღარ არსებობს

საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვა გარდაბანის თბოსადგურზე ("მტკვარი ენერგეტიკას" კუთვნილი ობიექტი, იგივე მე-9 ბლოკი) მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა-ძიება და უახლოეს საათებში დადგინდება, თუ რის გამო მოხდა ავარია.

"თბოსადგურზე მოხდა ავარია, რის შედეგადაც მოხდა ელექტოენერგიის გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 10-15 წუთის შემდეგ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება და ოთხი საათისთვის მთელ საქართველოს უკვე სრულად მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ დროისთვის პრობლემები აღარ არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პრობლემები იქმნება იქიდან გამომდინარე, რომ თბოსადგურები არის ძველი. "ავარია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყანა არაა. თბოსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები წლების წინ არის აშენებული. ამ თბოსადგურებს უკვე ამოეწურათ თავისი რესურსი, ამიტომ მიმდინარეობს 220 მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობა გარდაბანში და ასევე ვაკეთებთ პროექტს 500 მეგავატიან თბოსადგურზე", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.