ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.

როგორც ქუმსიშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კონკურსის შედეგად შეირჩა. კერძოდ, ამ ვაკანსიაზე სულ 31 განაცხადი შევიდა და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა ოთხი კანდიდატი.

"საბოლოოდ, სწორედ ამ ოთხ კანდიდატს შორის მოხდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის შერჩევა. საკონსკურსო კომისიის შემადგენლობაში სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა გარდა, ასევე შედიოდნენ ტურიზმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მადლობა გადაუხადა საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს გაწეული შრომისა და ობიექტურობისთვის.

თავად ტურიზმის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ასევე მადლობა გადაუხადა საკონსკურსო ჯგუფის შემადგენლობას იმის გამო, რომ მასზე გააკეთეს არჩევანი.

"სრულად ვიზიარებ და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც დამეკისრა. მითუმეტეს, რომ ტურიზმის სფერო ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტია და მისი განვითარება ეკონომიკის განვითარების ტოლფასია", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გიორგი ჩოგოვაძე ESM-ის კურსდამთავრებულია. იგი ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს პრისტონის უნივერსიტეტისა და ESM თბილისის ერთობლივი პროგრამა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ბიზნეს სექტორში.