ვლადისლავ სურკოვი: თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის თქმით, თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.

ამის შესახებ სურკოვმა გაზეთ "კომერსანტს", რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც საერთო შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით. სურკოვის განმარტებით, შესაძლებელია ამ საკითხზე დაფიქრება და საერთო თანხმობის შემთხვევაში, განხორციელება. მისივე თქმით, იდეა რუსეთისა და სომხეთის სატრანზიტო რკინიგზით დაკავშირებაა.

"ამ საკითხზე არ მიმუშავია, თუმცა არსებული ცნობებით, თბილისი არასდროს ყოფილა ამ გზის წინააღმდეგი", - განაცხადა სურკოვმა.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ნებისმიერი სატრანსპორტო თუ საკომუნიკაციო არხის აღდგენა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება. "ნებისმიერი სატრანპორტო, თუ საკომუნიკაციო არხები განვითარდება მხოლოდ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც იქნება სახელმწიფოს ძირითადი ინტერესი. ქართული სახელმწიფოს ინტერესი კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.