გოჩა ბაბუნაშვილი: პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა მოძრაობას განტვირთავს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა მოძრაობას ნამდვილად განტვირთავს.

გოჩა ბაბუნაშვილმა დღეს საკრებულოში კომენტარი გააკეთა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში წარმოქმნილ საცობს ეხებოდა. კერძოდ, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი მხოლოდ ამ ესტაკადის მშენებლობა მოძრაობას ვერ განტვირთავს. როგორც გოჩა ბაბუნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ საცობების პრობლემის მოგვარება დავალებული აქვს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს და არქიტექტორებთან ერთად მუშაობენ ამ თემაზე.

"გვაქვს მეცნიერეული დასკვნა იმის შესახებ, რომ პუშკინის ქუჩაზე გასაკეთებელი ესტაკადა ნამდვილად განტვირთავს რუსთაველის გამზირს. მოძრაობა ორმხირივი იქნება და მანქანები რომლებიც რუსთაველის გამზირზე მოძრაობენ, იმოძრავებენ პუშკინის ქუჩაზე არსებული ესტაკადით სანაპიროსკენ", - აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაგეგმილია გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია და ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ძალიან მალე დაიწყება.