თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება

თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი სანიკიძემ განაცხადა. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მიუსაფართა თავშესაფრის მოვლის პროგრამის დაფინანსების საკითხი განიხილეს. მერიამ თავშესაფარში მყოფი პირების მოვლისათვის და თავშესაფრის უზრუნველყოფისათვის წლის ბოლომდე 300 ათასი ლარი მოითხოვა.

საკრებულოს წევრებმა მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა რამდენიმე საკითხებთან დაკავშირებით კამათი იყო. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ ლილოში თავშესაფრის მშენებლობა წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს არ მოხერხდა. მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი სანიკიძემ განაცხადა, თავშესაფარი 240 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი და ამისთვის მილიონ 200 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული. სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მოსკოვის გამზირზე არსებულ თავშესაფარში 170-მდე ბენეფიციარი იმყოფება. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან 240-მდე ბენეფიციარი მიიღონ.

სანიკიძის განმარტებით, ბიუროს სხდომაზე განიხილეს მიუსაფარი პირების კვებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მხრივ ცვლილება არ იგეგმება, ბენეფიციართა კვება დღეში ორჯერ მოხდება. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტანსაცმლით, სითბოთი, კარვების გარშემო კი ბეტონის ღობე გაკეთდება.