საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემა შეაჩერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემა შეაჩერა.

"რია ნოვოსტის" ცნობით, როგორც მათ ელისეს სასახლიდან აცნობეს, გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. "საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ქვეყანას საშუალებას არ აძლევს, რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის "მისტრალის" ტიპის ხომალდი "ვლადივასტოკი" ფრანგულ მხარეს 14 ნოემბერს უნდა გადაეცა, თუმცა გადაცემის ცერემონია ჩაიშალა. "რია ნოვოსტის" ცნობით, თუ ფრანგული მხარე ნოემბრის ბოლომდე არ შეასრულებს რუსეთისთვის "მისტრალის" მიწოდების პირობებს, რუსული მხარე სერიოზულ ფინანსურ პრეტენზიებს წამოაყენებს.