რკინიგზა შესაძლოა, დღეიდან გაიფიცოს

რკინიგზაზე სრულმასშტაბიანი გაფიცვა შესაძლებელია, დღეიდან დაიწყოს.

რკინიგზელთა პროფკავშირების ინფორმაციით, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის კვლავაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, ამ დრომდე რაიმე კონკრეტული და ხელშესახები შედეგი მიღწეული არ არის. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ რაც უფრო გადის დრო, გაფიცვის ალბათობა უფრო იზრდება.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ღიად აცხადებს, რომ ადმინისტრაციასთან სადავო საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, 26 ნოემბერს, 10:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვა დაიწყება."ახალი პროფკავშირები წინასწარ ბოდიშს უხდის რკინიგზით მოსარგებლე მგზავრებს და პარტნიორ კომპანიებს შესაძლო შეფერხებების გამო. აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება რკინიგზაში დასაქმებული ადამიანების სამართლიან მოთხოვნებს და გამოგვიცხადებენ სოლიდარობას", - აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე.