ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო რეგიონის ლიდერია სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით

დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჩვენი ქვეყანა არის რეგიონის ლიდერი სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში", ლატვია-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი, ანდრის ბერზინში ესწრება.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის. "ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ლატვიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა, რასაც ჩვენ მივესალმებით, დარწმუნებული ვარ, სავაჭრო და საინვესტიიცო სფეროებში თანამშრომლობის კუთხით კვლავ რჩება მრავალი ასათვისებელი მიმართულება. ჩვენს შორის არსებობს ძალიან კარგი განწყობა, რაც მთავარია არის მჭიდრო თანამშრომლობა, მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ეს არის ძალიან კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ არსებული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად ავითვისოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მთავრობამ შექმნა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც შესაბამისად აისახა საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საექსპერტო შესაძლებლობები. კერძოდ, ექსპორტი გაიზარდა 24%-ით ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 70%-ით გაიზარდა.

"ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცვეელი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული პირობები წელს, 1 სექტემბრიდან, სულ რაღაც სამი თვეა, რაც ამოქმედდა. წინასწარი პროგნოზით, სრულად ამოქმედება ამ ხელშეკრულებით, გრძელვადიან პერიოდში 12%-ით გაზრდის ექსპორტის მოცულობას, ხოლო იმპორტს - 7%-ით. ჩვენი მთავრობა მზად არის შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის", -განაცხადა ღარიბაშვილმა.