ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსების ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენციის - "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ პრემიერმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში ესწრებოდა. "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რეგიონში საკვანძო სატრანსპორტო გამოცდილების მქონე ქვეყანაა, გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დაარსდეს ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია - "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". ეს საშუალებას მოგვცემს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის" მარშრუტთან დაკავშირებით შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით", -განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადების მიწოდებისა და ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიცირების საქმეში. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ, თავისი წვლილით სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, დაამტკიცა, რომ საერთაშორისო საზოგადოების საიმედო პარტნიორია.

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი წარმატებით აწვდიან კასპიის ნახშირწყალბადის რესურსებს დასავლეთის ქვეყნებს. საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს კიდევ ერთხელ დაადასტურებს "შაჰ-დენიზის" საბადოს მეორე ფაზის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენის განვითარება, რაც დამატებით უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით. კონსორციუმი გეგმავს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტირებას საქართველოში. შედეგად, საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რომელიც მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას", -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დამატებით დაგეგმილია თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დასრულდება საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, იტალიის მიმართულებით ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობით.