გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე ფარული მოლაპარაკების წარმოების შესახებ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ის, რომ კულისებში მიმდინარეობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება, წმინდა წყლის სპეკულაციაა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამ პრობლემის განხილვა იქამდე, ვიდრე საქართველო-რუსეთის პოლიტიკურ ველზე რაიმე სახის დინამიკა არ გაჩნდება, წარმოუდგენელია.

"ის, რომ სადღაც კულისებში მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. იქამდე, სანამ რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ამ პრობლემის განხილვა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ პრობლემასთან, რასაც საქართველოსთვის აფხაზეთის პრობლემა ჰქვია. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია იმ პრობლემის მოგვარება, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ჰქვია", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კვირიკაშვილმა.