პროფკავშირები: რკინიგზის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო საქციელის გამო, წუხელ სამი სარკინიგზო შემთხვევა მოხდა

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი რკინიგზელები გაფიცვას კვლავ აგრძელებენ.

პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, ხაშურში, სამტრედიაში, ზესტაფონში, თბილისსა და გურჯაანში გაფიცულმა რკინიგზელებმა შტაბები შექმნეს და ღამის მორიგეობა დააწესეს.

"დღეს დილიდან თბილისის სალოკომოტივო დეპო სრულიად პარალიზებულია. გაფიცულ მემანქანეებს ტეო-1 და ტეო-2-ის ზეინკლებიც შეუერთდნენ. ზესტაფონში გაფიცულ რკინიგზელებს მოსახლეობაც შეუერთდა და სოლიდარობას უცხადებენ. დილიდან რკინიგზელები მთელი საქართველოს მასშტაბით იკრიბებიან და მორიგ საპროტესტო ტალღას ამზადებენ. რკინიგზელებს დღეს სოლიდარობას გამოუცხადებენ ბათუმისა და თბილისის სტუდენტური მოძრაობები. აგრეთვე დღეს გაიმართება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია", - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, როგორც ნავარაუდევი იყო, რაკი გაფიცულები სამუშაო ადგილებზე არ მივიდნენ, რკინიგზის ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილებზე სახელდახელოდ მიყვანილი ადამიანები. ე.წ. შტრეიკბეხერები გაანაწილა.

"ამას უკვე მოჰყვა ძალზედ ცუდი შედეგები. რკინიგზის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო საქციელს სამი სარკინიგზო შემთხვევა მოჰყვა ღამით. სადგურ სუფსაში მატარებელმა გაიარა წითელი შუქნიშანი და გაჭრა სალიანდაგო ისარი. ამ მომენტისთვის ჯერ ვერ დადგინდა, რეალურად ელმავალს მემანქანე მართავდა, თუ ვინმე სხვა პირი. სადგურ ლილოში ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა ორი ვაგონი. იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე, მე-9 კილომეტრის 1 პიკეტში შემთხვევით აღმოჩენილია კოროზირებული გატეხილი რელსი, რასაც უდიდესი კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა. ამ წუთებში სადგურ ხაშურში შეკრებილ გაფიცულ რკინიგზელებზე სამსახურის უფროსი ზაზა ჭყოიძე უცხო თანმხლებ პირებთან ერთად ზეწოლას ახორციელებს. რკინიგზელები მას პროვოკაციაში ადანაშაულებენ და პოლიციას სთხოვენ, დაიცვან მათი, როგორც გაფიცული მუშების უფლებები. ხაშურში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, რაც ადმინისტრაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა", - განმარტავენ პროფკავშირებში.