”ენგურჰესზე” რუსულ-აფხაზური პროვოკაცია გამორიცხულია

აფხაზებს ქართველების გარეშე ჰესთან მიმართებით არაფერი არ შეუძლიათ

რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება ”ენგურჰესის” მუშაობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. სპეციალისტების განცხადებით, ჰესს მთლიანად ქართველები მართავენ. აფხაზების ენერგომომარაგება მთლიანად ენგურზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ენგურის პარალიზება მთელი აფხაზეთის პარალიზებას გამოიწვევს და ისინი ამ ჰესით პროვოცირებას არ დაუშვებენ. თუმცა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით შეშინებულმა ქართულმა მხარემ კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ”ენგურჰესი” სამართავად რუსეთს გადასცა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა, ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსია განახორციელა. ამ ფაქტზე რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება მიუთითებს. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, ამის შემდეგ რუსეთი ”ენგურჰესს” მორიგი პროვოკაციებისთვის და საქართველოს მთავრობაზე წნეხისთვის გამოიყენებდა.

ენერგეტიკის სამინისტროში პროვოკაციები გამორიცხეს. ”ენგურჰესის წყალსაცავი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ჰესის შენობა და აგრეგატები დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის მიუხედავად, ”ენგურჰესის” ოპერირებას საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო სამსახური ახორციელებს. წლების განმავლობაში არსებული საოკუპაციო რეჟიმის მიუხედავად, ”ენგურჰესის” ფუნქციობა არ შეფერხებულა და ამ მხრივ პრობლემებს არც სამომავლოდ ველით”, - განუცხადა ”რეზონანსს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.

ენერგეტიკის ექსპერტი ანზორ ჭითანავა პროვოკაციას ასევე გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან მრავალწლიანი კონფლიქტის პერიოდში არასდროს მომხდარა, ვინაიდან აფხაზებმა კარგად იციან, რომ ენგურჰესის გამართული მუშაობა, რასაც საქართველოს მხარე უზრუნველყოფს, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

”ენგურჰესში” თავიდან ბოლომდე ქართული მენეჯმენტია. ამ მიმართულებით ცვლილებები არასდროს განხორციელებულა. ჰესის მშენებლობიდან დაწყებული, იქ სულ ქართველები საქმიანობენ. მათ დაამონტაჟეს ტურბინები, გენერატორები და სხვა ნებისმიერი მოწყობილობა. იმ პერიოდიდან არიან - მებონია, ხუბუა და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ”ენგურჰესს” მართავს. ისინი არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. მაღალწნევიანი სამთო პირობებისთვის მიწისქვეშა ნაგებობების ექსპლოატაცია ძალიან სპეციფიკურია”, - განმარტავს ანზორ ჭითანავა.

”ენგურჰესის” 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით, ქვესადგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი - მისი დამუშავება, შევსება, დაცლა. ამ ყველაფერის გარეშე, ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს, შესაბამისად, ”კოზირი” ორივე მხარის ხელშია.

”ელექტროსადგურის მართვა მარტო აგრეგატების დატრიალება არ არის. ვერ ვიტყვით, რომ ”ენგურჰესი” მარტო აფხაზეთის ტერიტორიიდან იმართება. ელექტროსადგური მთლიანად, კომპლექსურად მუშაობს სათავიდან დაწყებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებამდე. პროვოკაციები გამორიცხულია. 35 წლის განმავლობაში მსგავსი მცდელობაც კი არ ყოფილა. ამ მიმართულებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ყოველთვის კარგი კავშირი არსებობდა. ისეთი ოდიოზური ფიგურაც კი, როგორიც არის ოზგანი (აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი), არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა ჩვენთან კონსულტაციის გარეშე. ხშირად ვხვდებოდით მას როგორც სოხუმში, ასევე საბერიოში”, - ამბობს ანზორ ჭითანავა და დასძენს, რომ პროვოკაციები არც ახლაა მოსალოდნელი, ვინაიდან აფხაზებმა კარგად იციან, რომ ქართველებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გარეშე ”ენრუგჰესის” მართვა და მოვლა-პატრონობა გამორიცხულია. ”აფხაზებს, ქართველების გარეშე, ”ენგურჰესთან” დაკავშირებით ამბის კვალიფიციურად მიტანაც კი არ შეუძლიათ”, - ამბობს ანზორ ჭითანავა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილებას, 90-იან წლებში, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთთან ურთიერთობა დაეძაბა, შეიქმნა სპეციალური ფორმულა, დოკუმენტი, სადაც გაიწერა აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის ”ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი. ფორმულა შემდეგ თეზისებს დაეფუძნა:

პირველი - ელექტროენერგია უნდა განაწილებულიყო ”ელექტროსადგურის” ძირითადი ფონდების მიხედვით;

მეორე - მოსახლეობის რაოდენობისა და ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით. მოხმარებაში იგულისხმებოდა მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ;

მესამე - რომელი მხარე იყო რესურსის ძირითადი მფლობელი;

”რესურსის ძირითადი მფლობელი არის ქართული მხარე, წყალი არის ჩვენს ტერიტორიაზე, აფხაზეთში წყლის ძალიან მცირე ოდენობა მონაწილეობს ჰესის გამომუშავებაში. ამ მიდგომით საქართველოს უნდა დარჩენოდა მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგია, რასაც აფხაზები, ბუნებრივია, არ დაუშვებდნენ”, - განაცხადა ანზორ ჭითანავამ.

საბოლოოდ, ელექტროენერგიის განაწილება მოხდა ძირითადი ფონდების მიხედვით. ამ ფონდების, 60% არის სამეგრელოს ტერიტორიაზე, 40% - აფხაზეთის. შესაბამისად, დღემდე ”ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი იყენებს, 60%-ს - დანარჩენი საქართველო.

აღსანიშნავია, რომ აფხაზებისთვის ”ენგურჰესის” 40% თავსაყრელი ელექტროენერგიაა. ენგური 100%-ით უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის ენერგომომარაგებას. ”შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა დაივიწყეს რა არის გაზი, შეშა, ნახშირი. ისინი მთლიანად ელექტროენერგიაზე არიან გადასული”, - ამბობს ანზორ ჭითანავა. მიუხედავად უხვი რესურსისა, მოძველებული გადამცემი ელექტროხაზების გამო, აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხშირად საფრთხის ქვეშაა. ამ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დანაკარგები 50%-ს აჭარბებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტების განცხადებით, 2008 წელს იმდროინდელმა მთავრობამ ლამის გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მთავრობა შეშინდა, რომ რუსეთი ”ენგურს” გამორთავდა და საქართველოს ჩააბნელებდა. ამიტომ ომის ტკივილი ჯერ კიდევ განელებული არ იყო, რომ 2008 წლის შემოდგომის მიწურულს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა რუსულ ”ინტერაოსთან” ”ენგურჰესის” ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული გარიგება ”რეზონანსმა” ”ინტერრაოს” ვებ-გვერდზე აღმოაჩინა. მთავრობის საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, მემორანდუმს, სასწრაფოდ, გრიფი ”საიდუმლო” დაედო. ამის გამო ”რეზონანსს” ჯერ ენერგეტიკის სამინისტროსთან, შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მრავალთვიანი სასამართლო დავა ჰქონდა.

საბოლოოდ, მემორანდუმის დეტალები 2011 წელს ”ვიკილიკსმა” გაშიფრა. ვებ-პორტალის ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის გადაწყვეტილებას რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ ავანტიურისტულს უწოდებდა. იქვე აღნიშნული იყო, რომ ენერგეტიკის მინისტრს ეს ნაბიჯი აფხაზეთის მუქარამ გადაადგმევინა, რომელიც საქართველოსგან ”ენგურის” ელექტროენერგიის 50%-ს მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰესს გათიშავდა. მინისტრმა გამოსავალს რუსეთთან თანამშრომლობაში მიაგნო, თუმცა რამდენად დაიჯერა მინისტრმა აფხაზების მუქარა, ეს მეორე საკითხია.

”ვიკილიკსის” ინფორმაციით, ხეთაგურმა საქმის კურსში ჩააყენა ამერიკის ელჩი, რომ 90-იანი წლების დასწაყისიდან აფხაზეთი ამ ელექტროენერგიით უფასოდ სარგებლობდა, ხოლო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რუსული კომპანიის მმართველობაში გადაცემით შემცირდებოდა რისკი იმისა, რომ აფხაზები დამბას სამხედრო გზით ხელში ჩაიგდებდნენ. მემორანდუმის მიხედვით, რუსული კომპანია იღებდა უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის 40%, მათ შორის გამოეყენებინა ქართული არხები მისი ექსპორტირებისათვის რუსეთსა და თურქეთში.

საბოლოოდ, ეს შეთანხმება ჩაიშალა და, ბუნებრივია, რუსებს ”ენგურჰესთან” დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”