სავალუტო ფონდის მისიის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს.

შესაბამისი პროგნოზი მედიასთან საუბრისას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა მარკ გრიფიტსმა გამოთქვა.

"საქართველოს ხელისუფლებასთან გასულ თვეს გამართული დისკუსიების შედეგად, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ეკონომისტების დონეზე, მივაღწიეთ შეთანხმებას - ქვეყნის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ძირითად ელემენტებზე. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი მოწმობს, რომ მთავრობა მტკიცე ვალდებულებას კისრულობს მომდევნო წლის საბიუჯეტო დეფიციტი შეზღუდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 პროცენტამდე. ხელისუფლება კისრულობს ვალდებულებას, გაატაროს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად გააძლიეროს ქვეყნის წარმატებული, ინფლაციის ტარგეტირებაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა, რათა შენარჩუნდეს სავალუტო რეზერვების ძლიერი პოზიცია.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია რეკომენდაციას უწევს პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოს პროგრამის განსახილველად მიმდინარე წლის დეკემბერში შედგება.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებულია. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს, რადგან ეკონომიკური აქტივობა გამოცოცხლდა 2013 წლის შენელების შემდეგ. ეკონომიკის მამოძრავებელი იყო მოხმარების, კერძო ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდა.

გეოპოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკური გავლენა აქამდე შეზღუდული იყო, რადგან საქართველოს მზარდი (თუმცა კვლავ შეზღუდული) სავაჭრო კავშირები გააჩნია რუსეთთან. ამავდროულად გაიზარდა ფიზიკური პირების ფულადი ტრანსფერები სამხრეთ ევროპიდან. სსფ-ს პროგრამით, სექტემბრის ბოლოსთვის განსაზღვრული რაოდენობრივი მაჩვენებლები შესრულებულია. დაყოვნდა მხოლოდ "ფინანსურ რესურსებზე წვდომის" კვლევის ჩატარება (მოსალოდნელი იყო სექტემბრის ბოლოსთვის), რათა მასში გათვალისწინებული იქნეს მსოფლიო ბანკისა და გერმანიის განვითარების ბანკის მოსაზრებები. კომპლექსური კვლევა დასრულდება 2015 წელს", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა მარკ გრიფიტსმა.

ამასთან, მისიის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2015 წელსაც 5 პროცენტით გაიზრდება. თუმცა, მარკ გრიფიტსი ძირითად სისუსტედ კვლავ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტსა და საგარეო ვალს მიიჩნევს.

"საქართველოს მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საგარეო ვალი კვლავ ძირითად სისუსტედ მიიჩნევა. მიმდინარე წელს ზრდის შემდგომ, 2015 წლიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება უნდა დაიწყოს, რასაც ხელს შეუწყობს ფისკალური კონსოლიდაცია, გაცვლითი კურსის გაზრდილი მოქნილობა, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმები და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობები. ხელისუფლება კვლავ უზრუნველყოფს ლარის თავისუფალ მცურავ რეჟიმს საბაზრო ეკონომიკის პირობების შესაბამისად, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდეს მის ეკონომიკაში გარე შოკებისადმი მედეგობა", - განაცხადა მარკ გრიფიტსიმ.

საქართველოს 15-28 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა "სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის" პირველი მიმოხილვის ფარგლებში დისკუსიების გამართვას. პროგრამა 2014 წლის 30 ივნისს დამტკიცდა, 36 თვე გაგრძელდება და 100 მილიონი სპეციალური სესხების უფლების (დაახლოებით 154 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ავრცელებს.