ოთარ დანელიამ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან განიხილა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" ჩართული 13 ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში, მათ შორის საზღვრისპირა რაიონებში პროექტის მიმდინარეობა განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სესხის სანაცვლოდ ბანკების მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფის საკითხებს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რადგან სახელმწიფო პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის აუცილებელია ნებისმიერი საკითხის შეთანხმებულად და ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრა მოხდეს.

სოფლის მეუნრეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" 2013 წლიდან ახორციელებს. 25 ნოემბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 24,494 სესხი ჯამური ღირებულებით 645 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580 საწარმო.