ნატანებში "ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" სრული დატვირთვით ამოქმედდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში "ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" სრული დატვირთვით ამოქმედდა.

გურიის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმომ 500 ტონა მანდარინი უკვე მიიღო. სეზონის დასრულებამდე კი კიდევ 5 000 ტონას მიიღებს. ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში 200 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. კომპანია გლეხისგან ერთ კილოგრამ მანდარინს 55 თეთრად ყიდულობს. აღნიშნული ადმინისტრაციის განცხადებით, ნატანებში ციტრუსის გადამუშავების პროცესს დღეს გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქარხანა, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. მუშაობს ესპანური წარმოების რეცხვისა და პარაფინირების ხაზი. მოქმედებაშია სამაცივრე აგრეგატები, რომელთა საშუალებით, გარდა ციტრუსისა, სხვადახვა ხილის საჭირო ტემპერატურაზე შენახვაა შესაძლებელი. ციტრუსს საექსპორტოდ რუსეთის, უკრაინისა და შუა აზიის ბაზრებისთვის ამზადებენ.

"ჩვენი რეგიონისთვის ციტრუსი მნიშვნელოვანი, ამავდროულად პრობლემური პროდუქტი იყო. წლების განმავლობაში მანდარინის გასაღება სისტემურ ხასიათს არ ატარებდა. პროცესი ნელ-ნელა ლაგდება. უკვე წელს ციტრუსის გასაღებისა და რეალიზაციის კუთხით ჩვენს რეგიონს პრობლემა არ შეექმნება. ამის ნათელი მაგალითი, აღნიშნული "ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაა", რომელიც ჯამში 5000 ტონამდე ციტრუსს მიიღებს", - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

"ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიის" მშენებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტების ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა.