დავით შავლიაშვილმა ცენტრ "მწვანე სახლის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დღეს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის "მწვანე სახლი" სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი ადაპტაციის პრობლემების, განვითარების შეფერხების, ემოციური დარღვევებისა და აუტიზმის მქონე 4 წლამდე ასაკის ბავშვებს უწევს დახმარებას.

სარეაბილიტაციო ცენტრი "მწვანე სახლი" ფრანგული მოდელით, ამავე ქვეყნის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა და ყოველწლიურად 300 - მდე ბავშვს უწევს დახმარებას. მსოფლიო მასშტაბით კი 300-ზე მეტი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სახლი ფუნქციონირებს. პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამჟამად შენობას შიდა სარემონტო სამუშაოები უტარდება, უკვე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემაც. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა "მწვანე სახლი" შენობის ამორტიზებული მდგომარეობის გამო მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დროებით შეაჩერა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 65,143.00 ლარი შეადგინა. პროექტზე 10 ადამიანია დასაქმებული. "მწვანე სახლი" განახლებულ შენობაში ფუნქციონირებას წლის ბოლოდან გააგრძელებს.