ბათუმში განახლებული საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

აჭარაში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა კვალიფიკაციის, სერტიფიცირებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა გახსნეს. ცერემონიას ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

ცენტრი თანამდეროვე სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ივლისში გერმანული მწარმოებელი კომპანია "ფესტო"-სგან ლაბორატორიული სტენდები შეიძინა. საქართველოს მთავრობამ და აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის გახსნაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის დაიხარჯა 2 000 000 ლარი და დაახლოებით 500 000 ლარი გამოიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ცენტრში სულ 4 ლაბორატორიაა - ავტომატიკის, ელექტროტექნიკის, პნევმატიკისა და ჰიდრავლიკის. საწვრთნელი ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე სასწავლო სიმულატორებით, რაც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მოქმედ მეზღვაურებსა და უცხოელ სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება, აიმაღლონ მათი კვალიფიკაცია და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე. საერთაშორისო დონის სიმულაციური ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში.