დიდველზე ”თოვლის ზარბაზნების” მონტაჟი მიმდინარეობს

დიდველზე ”თოვლის თოფი” და ”თოვლის ზარბაზნები” გამოჩნდა.

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის მზადება დაიწყო. როგორც დიდველის ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერენ, ”თოვლის თოფი” და ”თოვლის ზარბაზნები” უკვე საქართველოშია და მათი მონტაჟი მიმდინარეობს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტ გუდაურში რამდენიმე წელია დამონტაჟებულია ავსტრიული კომპანია SKIDATA-ს თანამედროვე უკონტაქტო გამშვები პუნქტები. 2014-2015 წლის სეზონისთვის დიდველზე ასევე დამონტაჟდება SKIDATA-ს გამშვები პუნქტები, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის მსგავსი სისტემის მქონე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კურორტების ერთიან სისტემაში მოქცევას.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გაერთიანდება გუდაური და დიდველი. შემდგომი ეტაპისთვის კი შესაძლებელია გოდერძის და მესტიის კურორტების შემოერთებაც. როგორც კომპანიაში ამბობენ, ორივე კურორტზე აღნიშნული ერთიანი სააბონიმენტო სისტემის დანერგვა დამსვენებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ერთი აბონიმენტით როგორც დიდველზე (ბაკურიანი), ასევე გუდაურში.

იხილეთ ფოტოგალერეა: ”თოვლის ზარბაზნები” დიდველზე