"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" თამბაქოს კომპანიის მიერ სოხუმის უნივერსიტეტის სპონსორობას აპროტესტებს

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" თამბაქოს კომპანიის British American Tobacco-ს მიერ სოხუმის უნივერსიტეტის სპონსორობას აპროტესტებს.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წარმომადგენლის, კახა ღვინიანიძის თქმით, საქართველოს კანონით რეკლამის შესახებ, აკრძალულია სპონსორობა თამბაქოს კომპანიების მონაწილეობით. "საქართველოს კანონით რეკლამის შესახებ, პირდაპირაა აკრძალული სპონსორობა თამბაქოს კომპანიების მონაწილეობით. აგრეთვე თამბაქოს რეკლამა სხვადასხვა საშუალებებით. გარდა ამისა, პირდაპირ ირღვევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნები და ხელყოფილია მთავრობის 2013 წელს დამტკიცებული თამბაქოს კონტროლის ეროვნული გეგმა და სტრატეგია. ხოლო ამგვარი დარღვევების ჩადენა საჯარო მოხელეთა უშუალო მონაწილეობით წარმოადგენს სისხლის სამართლის 220-ე და 221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებებს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ ყველაფერ ამაში ჩართული აღმოჩნდნენ სტუდენტები", - განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ.

ღვინიანიძე მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ უახლოეს დღეებში უფლებამოსილება შეუჩერდეს განათლების და მეცნიერების, ფინანსთა სამინისტროების, შესაბამისი უნივერსიტეტების და ყველა ჩართული უწყებების იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებების მომზადებაში. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება, ან მოკვლევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით; დაუყოვნებლივ შეჩერდეს სტუდენტთა და მოსწავლეთა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი მოსყიდვის და უკანონო სპონსორობის ყველა ხელშეკრულება.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინფორმაციით, 26 ნოემბერს კომპანია "British American Tobacco"- მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სტიპენდიის პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მაგისტრატურის საუკეთესო 15 პირველკურსელს სრულად დაუფინანსდება სწავლა ერთი წლის განმავლობაში. ღონისძიებას ფინანსთა სამინისტროსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.