სოზარ სუბარი: სახელმწიფო დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს მენაშენეებისგან შეისყიდის

სახელმწიფო დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს მენაშენეებისგან შეისყიდის.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა, საუბარია მინიმუმ 550 ბინის შეძენაზე.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროგრამა მენაშენეებისგან სახლების შესყიდვის შესახებ. პროგრამა ორ ნაწილიანია, საიდანაც პირველი გულისხმობს ბინების გამოსყიდვას მოქმედი მენაშენეებისგან, მეორე ეტაპი კი გაჩერებული მშენებლობებიდან იმ ბინების ამორჩევა იქნება, რომელთა მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელია.

"ბინების რაოდენობა დამოკიდებულია ფასზე. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, უნდა იყოს მინიმუმ 550 ბინა, თუმცა შესაძლოა 750-800 ბინამდეც ავიდეთ იმის მიხედვით, თუ რა ფასი იქნება შემოთავაზებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის დარჩენილ ერთ თვეში 3 მილიონი, ხოლო მომავალ წელს, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დაიხარჯება.