მსოფლიოში თხილისა და კაკლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველოს მე-15 ადგილი უკავია

საქართველოში, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თხილისა და კაკლის წარმოების მაქსიმალური მაჩვენებელი 2013 წელს აღინიშნა და 50,5 ათასი ტონა შეადგინა.

ამის შესახებ ახალგაზრდა ანლიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინას“ მიერ ეკონომიკური ფორუმის „ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე - გამოწვევები და საფრთხეები” ფარგლებში წარმოდგენილ უახლეს კვლევაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2013 წელს, თხილის წარმოების მაჩვენებელი 71,2%-ით აღემატება 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. თხილის წარმოების მიხედვით, რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთი 51,6 %-ით ლიდერობს, კაკლის მაჩვენებლით კი იმერეთი - 20,4%-ით.

რაც შეეხება საგარეო სავაჭრო მონაცემებს, 2008 და 2012 წლებში მნიშვნელოვან ჩავარდნას ჰქონდა ადგილი, როდესაც თხილისა და კაკლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, თხილისა და კაკლის ექსპორტის მაჩვენებელი 2014 წლის 9 თვეში 28,1 %-ით აღემატება 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს. მიმდინარე წელს საქართველომ თხილი და კაკალი დაახლოებით 40 ქვეყანაში გაიტანა. საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს გერმანია იკავებდა - 28,4 %-იანი წილით. 2013 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტის 17,8%- ყაზახეთზე, 11,4% -იტალიაზე ხოლო დანარჩენი 42,4% სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში თხილისა და კაკლის უმსხვილეს ექსპორტიორად აშშ მიიჩნევა და მასზე მსოფლიოში ექსპორტირებული შესაბამისი პროდუქციის ნახევარზე მეტი (52,9%) მოდის. მეორე და მესამე ადგილებს თურქეთი 9,3%-იანი და იტალია 4,4%-იანი წილით იკავებენ.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მე-15 ადგილზე 1,2 %-იანი წილით დგას.

თამარ კორკოტაშვილი