გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ვეპა აბდილხემიკოვმა, საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოქმში ასახულია სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. ,,ხელი მოვაწერეთ ორმხრივი კომისიის სხდომის ოქმს, სადაც აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში თურქმენეთთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა უნდა იყოს სტრატეგიული ხარისხის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივით ავღანეთის ჩართვა ხდება ტრასეკას პროექტში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ტრანზიტის განვითარება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომ თურქმენმა ბიზნესმენებმა მოახდინონ საქართველოში სხვადასხვა სფეროში ინვესტირება. ისინი დაინტერესდნენ ტურიზმის სფეროთი. დიდი გამოცდილებაა თურქმენეთში ტექსტილის სფეროში, ასევე, ტექნოლოგიური პარკების მიმართულებით მათ აქვთ ძალიან საინტერესო გამოცდილება. ვთვლით, რომ ეს იყო საწყისი შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და ძალიან კარგია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თურქმენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განახლდა. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება შემდგომი ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ორივე მხრიდან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სპორტი, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის პირველი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იყო, რომელიც თბილისში გაიმართა.

კომისიის მომდევნო სხდომა 2015 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართება.