პროფკავშირები: გაფიცული რკინიგზელების რიცხვი იზრდება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, გაფიცულ რკინიგზელთა რაოდენობა იზრდება.

პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილიდან გაფიცულებს ხაშურის მემანქანეები და ზესტაფონში დასაქმებული რკინიგზელების ის კატეგორია შემოუერთდნენ, რომლებიც არ არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები. "აღნიშნული ორი სარკინიგზო კვანძიც უკვე სრულად პარალიზებულია", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, პარალიზებულია თბილისის სალოკომოტივო დეპოც, სადაც გაფიცულები არიან ტექნიკური დათვალიერების ორი საამქროს ზეინკლების სრული შემადგენლობა და მემანქანე-თანაშემწეები. "პარალიზებულია თბილისის მახარისხებელი, თბომავლების მემანქანეები და მატარებლის გამსინჯველები. გაფიცულია მთელი საქართველოს მასშტაბით სალიანდაგო სამსახურის 800 ლიანდაგის მონტიორი. სრულად პარალიზებულია ბათუმის პორტი და ფოთის პორტი. სამტრედიის კვანძზე გაფიცულების რიცხვი დღეს დილის 10:00 საათიდან საგრძნობლად გაიზარდა. გაჩერებულია ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მის მიერ წამოყენებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს", - განმარტავენ პროფკავშირებში.