დავით სერგეენკო: საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება

საქართველოში დინამიკა შეიცვალა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.

დავით სერგეენკო UNISEF-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას "საერთო კეთილდღეობის სოციალური დაცვის ძლიერი სისტემის მეშვეობით მხარდაჭერა" ესწრება. კონფერენციაზე სიღარიბის შემცირების მხრივ არსებული პრობლემები და შესაბამისი სტრატეგიები იხილება. "ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს UNISEF- თან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მათ შორის ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. ეს პრობლემა, ბავშვთა სიღარიბე პრობლემური საკითხია მრავალი ქვეყნისთვის. ბოლო კვლევებით, ევროპის ქვეყნებში გაზრდილია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი. საქართველოში კი დინამიკა შეიცვალა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა ჯგუფებთან მიმართებაში კი სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს", - განაცხადა მინისტრმა.

კონფერენციას ასევე ესწრებიან UNISEF -ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი. გრაუმანის თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების ზრდა მოხდა, თუმცა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა წილი მაინც გაიზარდა. "ამიტომ UNISEF მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირებაში უწევს დახმარებას, რომელშიც მოწყვლადი ბავშვებისთვის დახმარებების შემოღებაც იგულისხმება", - განაცხადა გრაუმანმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით კი, საქართველოში სიღარიბე ზოგიერთი ოჯახის მუდმივი პრობლემაა.