კრიზისი რკინიგზაში საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას

რკინიგზის ადმინისტრაციაში, თანამდებობის პირებზე კოლოსალური ხელფასები რიგდება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის დარგი, ტრანსპორტი და სატრანსპორტო გადაზიდვები დღეს კრიზისის წინაშე დგას. ეს ეხება როგორც სარკინიგზო ტრანსპორტს, ასევე საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპოტსაც.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რკინიგზაში არსებული კრიზისის გამო, ერთ ღამეში სამი სარკინიგზო ავარიული შემთხვევა აღინუსხა: სუფსის სარკინიგზო სადგურში მატარებელმა წითელი შუქნიშანი გაიარა და პირდაპირ გაჭრა სალიანდაგო ისარი; ლილოს სარკინიგზო სადგურში ლიანდაგიდან გადავიდა 2 სატვირთო ვაგონი; იგოეთი-ჯაპანას გადასასვლელზე შემთხვევით აღმოაჩინეს გატეხილი რელსი, რასაც დიდი კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა და მგზავრები აღმოჩენილიყვნენ დიდი საფრთხის წინაშე.

თუ მსგავსი კრისიზი სარკინიგზო ტრანსპორტში კვლავ გაგრძელდება, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დააყენოს არა მარტო სატრანსპორტო სისტემა, არამედ საქართველოს ეკონომიკა და მგზავრთა უსაფრთხოება. ასევე საფრთხის წინაშეა სარკინიგზო კომერციული გადაზიდვებიც, რომლებიც სამწუხაროდ 2013 - 2014 წლის განმავლობაში შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მდგრადობაზე. ამ ყველაფრის გამომწვევი კი არასწორი მენეჯმენტი და რკინიგზაში წამყვან თანამდებობებზე არაკვალიფიციური კადრების დანიშვნაა. პირები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ სარკინიგზო ტრანსპორტის პოლიტიკას, არაკვალიფიციული და არაპროფესიონალი კადრები არიან, რომლებიც პატივს არ სცემენ თუნდაც დღეს გაფიცულ თანამშრომლებს, ვის ზურგზეც დგას რეალურად სატრანსპორტო სისტემა. თუმცა პრემიებს და მაღალ ანაზღაურებას იღებენ ისინი, ვინც არ შეესაბამებიან სარკინიგზო ტრანსპორტის პოლიტიკის კვალიფიკაციას და მათ არ აქვთ არანაირი განათლება და გამოცდილება ამ მიმართულებით. სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი და დაირღვა ბალანსი ზედა მმართველ რგოლსა და უშუალო პროფესიონალ სპეციალისტებს შორის, რამაც სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენა საქართველოს სატრანსპოტო რკინიგზის მიმართულება.

თუმცა ეს არ ეხება მარტო რკინიგზას, დღეს საქართველოში მთლიანად სატრანსპორტო სისტემა უპატრონოდ არის დარჩენილი. მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეცვალოს მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაში, დააკმაყოფილონ ის სამართლიანი მოთხოვნები, რომლებიც აქვთ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს და დაფასდნენ ის პროფესიონალი ადამიანები, ვინც მთელი თავისი ცხოვრება და გამოცდილება დაუთმო ამ დარგის განვითარებას.

მაშინ, როდესაც რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატს და ხელფასების მატებას ითხოვენ, რკინიგზის ადმინისტრაციაში, თანამდებობის პირებზე კოლოსალური ხელფასები რიგდება. ყველაფერთან ერთად, აღნიშნული პირები პოლიტიკური პარტია-"ქართული ოცნების" დამფინანსებლები არიან და მათი შემოწირულობები პარტიის ანგარიშზეც ფიქსირდება.

მაგალითად, საქართველოს რკინიგზის 100 %-იან წილს საპარტნიორო ფონდი ფლობს და ის არის რეალურად საქართველოს რკინიგზის მფლობელი. ჩვენ დავინტერესდით საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი პირების ხელფასებით და აღმოვაჩინეთ, რომ მაგალითად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ 2013 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით 323 250 ლარი მიიღო, რაც თვეში დაახლოებით 27 00 ლარს შეადგენს. ასევე 2013 წელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის, დავით თვალაბეიშვილის შემოსავალმა მხოლოდ აღნიშნულ თანამდებობაზე შეადგინა 115 500 ლარი, რაც თვეში დაახლოებით 10 00 ლარს შეადგენს. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის შემოსავალმა 2013 წლის განმავლობაში 241 334 ლარი შეადგინა, რაც თვეში დაახლოებით 20 00 ლარია. აქედან 194 925 ლარი მიღებული აქვს, როგორც საქართველოს რკინიზგის გენერალურ დირექტორს, ხოლო შ.პ.ს "ჯორჯია ტრანზიტიდან" მისმა შემოსავალმა შეადგინა 46 409 ლარი. კონსტანტინე გუნცაძე, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 109 008 ლარი შეადგინა, რაც თვეში 9 084 ლარს შეადგენს და აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 28 ნოემბრის ბრძანებით, კონსტანტინე გუნცაძის ხელფასი განსაზღვრული იყო თვეში 3000 ლარის ოდენობით, თუმცა 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით, მისი ხელფასი გაიზარდა და შეადგინა თვეში 9 084 ლარი. მიხეილ გოგიშვილი კი რკინიგზაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და ნომინირების, ანაზღაურებისა და აუდიტის კომიტეტის ზოგადი კოორდინატორი. მისი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 68 500 ლარს, რაც თვეში 5 700 ლარია (2500 ხელფასი და 3200 დანამატი). ლევან სურგულაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მისი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 62 400 ლარს, რაც თვეში 5 200 ლარია (2000 ხელფასი და 3200 დანამატი) და ა. შ .

ვფიქრობ, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს. რა არის მმართველი პარტიის ინტერესი - რკინიგზაში ჰყავდეს ადმინისტრაცია, რომელიც მისი პარტიის შემომწირველია თუ პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც რკინიგზის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და კანონმდებლობით დადგენილ უფლებებს ითხოვენ? ის, რაც ახლა ხდება, ძალიან ცუდი ტენდენციაა, რაც რეალურად კრიზისის წინაშე აყენებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, მგზავრთა უსაფრთხოებას და საქართველოს ეკონომიკას.

ვასილ ურუშაძე, კოალიცია ”საზოგადოებრივი ინიციატივას” წევრი.