ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგია – 2025-ს შეიმუშავებენ

საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგია – 2025-ს შეიმუშავებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ეროვნული ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება ოფიციალურად აღნიშნა. კონფერენციაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მზადების პროცესში მოპოვებული ძირითადი შედეგების პრეზენტაცია მოახდინა. მსოფლიო ბანკის მხრიდან საკონსულტაციო ფირმის Solimar International წარმომადგენელმა ხედვის ფორმულირებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებაზე და ტურიზმის სტრატეგიებზე ისაუბრა. მონაწილეებმა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე შემოთავაზებები - "ხედვა 2025" განიხილეს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი გეგმა გაზაფხულისთვის იქნება მზად. "ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა საქართველოში ტურიზმის განვითარების გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სამოქმედო გეგმის შემუშავებას. გასულ კვირას გავმართეთ სამუშაო შეხვედრები როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღეს კი შემაჯამებელი შეხვედრაა. ტურიზმის თანმიმდევრული განვითარება მნიშვნელოვანია და გაზაფხულზე გრძელვადიან გეგმას დავასრულებთ. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის ტურისტული რესურსები, რაც საქართველოს გააჩნია", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

"მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია ტურიზმის სექტორის, მასთან დაკავშირებული ბიზნეს შესაძლებლობების და კერძო ინვესტიციების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიქვამს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევა მეწარმეობის განვითარებაზე, ფინანსებზე უკეთ წვდომის უზრუნველყოფაზე, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზეა მიმართული. ამ სტრატეგიამ უნდა აჩვენოს, როგორ უნდა მოხდეს სექტორის გაუმჯობესება", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

პრეზენტაციის შემდგომ კონკრეტული საკითხების საჯარო განხილვა გაიმართება. საბოლოო ჯამში დოკუმენტი სამოქმედო გეგმის სახით 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდება და მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.