"საქართველოს რკინიგზასა" და "საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს" შორის შეთანხმება შედგა

სს "საქართველოს რკინიგზასა" და "საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს" შორის შეთანხმება შედგა.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ მოაწერეს.

ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ: 1. საახალწლოდ პრემია გაიცემა თანამდებობრივი სარგოს 50 % -ის ოდენობით; 2. ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლა არ გულისხმობს და არ ითვალისწინებს ხელფასის კლებას კომპანიაში მოქმედ/დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1250 ლარს ან ნაკლებს (გარდა რკინიგზის მართვის ცენტრალური აპარატისა და ფილიალების ადმინისტრაციის თანამშრომლებისა), აგრეთვე დისპეჩერებზე, მემანქანის ინსტრუქტორზე და სავაგონო დეპარტამენტის ცვლის ოსტატზე შესაბამისად აღნიშნულ პოზიციებზე არსებული თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება მინიმუმად. შემუშავებული სისტემა, რომელიც დაინერგება 2015 წლიდან, ითვალისწინებს რკინიგზის ყველა თანამშრომლისთვის მათი გამოცდილების, კვალიფიკაციის და სტაჟის მიხედვით ანაზღაურების პერიოდული ზრდის შესაძლებლობას;

3. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მე-3-ე, მე-2-ე და 1 კლასის დანამატი შესაბამისად 5%, 10% და 15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისათვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში შესაბამისად გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი.

4. ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისთვის და "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიულ კავშირთან" წინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, სტაჟი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში სტაჟს მიენიჭება უპირატესობა.

5. 2015 წელის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა, ძალაში შედის ახალი საპრემიო-სამოტივაციო სისტემა "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიულ კავშირთან" კონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია, სამი თვის დარიცხული ხელფასის 30%. ერთი წლის პერიოდით ეს გულისხმობს დაახლოებით დამატებით 4 თვის ხელფასს.

6. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისა და "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" წარმომადგენლებით.

7. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის დასრულების შემდეგაც თითოეულ რკინიგზელს აუნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა 2014 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი ტარიფით.

8. შეიქმნება სპეციალური კომისია სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის მიზანია გაფიცვამდე, გაფიცვის მიმდინარეობისა და გაფიცვის შემდგომ რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნის და შევიწროების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა სახის დისციპლინური სასჯელის ფორმა) შესწავლა და კომპანიის დირექტორთა საბჭოსათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანო მიიღებს ადეკვატურ საკადრო და დისციპლინურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომისია ასევე განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას (კომპეტენციას, მუშაობის რეგლამენტს და ა.შ.) მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში და კომისია მოქმედებას დაიწყებს ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. ამ კომისიის გადაწყვეტილებები მხარეებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა.