რკინიგზელთა პროფკავშირი "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისადმი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისადმი მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულმა კავშირმა დღეს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი რკინიგზის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას მიესალმება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ინცინდენტი ამოწურულია და სამგზავრო და სატვირთო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

"აქვე გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს და უკმაყოფილებას რკინიგზის ადმინისტრაციის, ნაჩქარევად მიღებული და იურიდიულად არასრულყოფილი (3.12.2014წ.) შეთანხმების მიმართ, რომელშიც, (ნებით თუ უნებლიეთ) კომისიების ფორმატში არაა გათვალისწინებული ჩვენი წარმომადგენლები, რაც აღნიშნული კომისიების მუშაობის აპრიორ ტენდენციურობაზე და არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე მიუთითებს. ბუნდოვანია, თუ რა მიზანს ემსახურება რკინიგზის თანამშრომლების დაყოფის მექანიზმი მათი რანგისა და სტრუქტურული ერთეულის კუთნილების მიხედვით, ხელფასისა და პრემიის განსაზღვრისას. ჩვენთვის ერთნაირად ღირებულია როგორც რიგითი რკინიგზელი, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულები", - ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ პროფკავშირს არ ეძლევა მათი 5000-მდე წევრის ინტერესების დაცვის საშუალება დათხოვნა-დაქვეითების, ფინანსური და დისციპლინარული სასჯელების გატარების დროს.

"თანამშრომელთა დაყოფა პროფესიული კავშირების წევრობის მიხედვით, გააჩენს ახალ დაპირისპირების კერას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის, საერთაშორისო კონვენციებისა და კოლექტიური შეთანხმების ნორმების უხეშ დარღვევას. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი უსამართლობის თავიდან აცილების მიზნით, რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწოდებთ, დაუყონებლივ გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთ თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან", - ნათქვამია მიმართვაში.