აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდში საქართველოს მონაწილეობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership -E5P) რეგიონულ ფონდში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს - საქართველოს მთავრობის მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, EBRD-ის მხრიდან E5P-ს ფონდის მენეჯერმა ანდრეს ლუნდიმ.  E5P ენერგო ეფექტურობის პროექტებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სესხების (EBRD, EIB, WB, NEFCO და სხვა) გრანტებით თანადაფინანსების ინსტრუმენტია.

შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს აღნიშნული საგრანტო რესურსით, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია მონაწილე ქვეყნებისა და ორგანიზაციების შენატანზე. 2013 წლის განმავლობაში ოთხმა ქვეყანამ (ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, პოლონეთი და შვედეთი) უკვე გააკეთა შენატანი, რომელიც დაახლოებით შეადგენს 2,3 მილიონ ევროს, ამასთან E5P-ს მონაწილეები ელოდებიან საქართველოს მხრიდან კონტრიბუციის შეთანხმების ხელმოწერას, რათა მათაც განახორციელონ თავიანთი შენატანები.

EBRD-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა შესაძლებელია იყოს დაახლოებით 20-21 მილიონი ევრო.