"ხუდონჰესი" შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს

კერძო კომპანიის ნაცვლად, "ხუდონჰესი" შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ, სასტუმრო "რედისონში" სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხუდონჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. "ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "ხუდონჰესის" პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ ინდურ კომპანია "ტრანსელექტრიკასთან". ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდი იყო ის, რომ კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს ისე, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არაფერი უკითხავთ. "სიმართლე გითხრათ, დარეგისტრირებული არ იყო მიწები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, თუმცა, ისინი მოიხმარდნენ ამ მიწებს. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მიწების დაბრუნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უნდა ჩატარებულიყო აზომვითი სამუშაოები, შეფასება და შესაბამისად, ანაზღაურება. ამ ეტაპზე ვართ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. მე არ დაგიმალავთ, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს ეს პროექტი, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი", - განაცხადა კახა კალაძემ.