მდინარე მტკვარზე 10-ზე მეტი ჰესი აშენდება

მდინარე მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის აშენება იგეგმება.

ამის შესახებ Anaklia IEP & Port დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ქარჩავამ განაცხადა.

„საქართველოში უნიკალური პროექტი იწყება, რომელიც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, რაც მთავარია, პროექტის განხორციელების პერიოდში ათასობით ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა თეიმურაზ ქარჩავამ. მისი თქმით, შპს „მტკვარი-ენერგიამ“ შეძლო საქართველოში მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია POWERCHINA-HYPEC-ის პრეზიდენტისა და წარმომადგენლების დელეგაციის ჩამოყვანა. საყურადღებოა, რომ სწორედ კომპანია POWERCHINA-HYPEC არის ამავე დროს Anaklia IEP & Port-ის სტრატეგიული პარტნიორი და მან უკვე დაადასტურა ანაკლიის პორტის მშენებლობის სასტარტო დაფინანსება.

„1 დეკემბერს, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ მათთან მივაღწიეთ შეთანხმებას, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც 2015 წლის ბოლომდე დაიწყება დაფინანსება და მომავალში მდინარე მტკვარზე აშენდება ჰიდროელექტროსადგურების კასკადი“, – განაცხადა თეიმურაზ ქარჩავამ. მისი თქმით, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ბიზნესის წარმომადგენლებთან მინისტრთა კაბინეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით. უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ხელმოწერილი შეთანხმების დეტალების განხილვა.

„მათი გამოცდილება იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში ქვეყნის სამრეწველო და ეკონომიკური სექტორი დაკმაყოფილებული იქნება ენერგიის საკმარისი რაოდენობით, ამასთან ერთად დასაქმდება ათასობით ადამიანი. აღვნიშნავ, რომ ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 620 მილიონ დოლარს“, – თქვა თეიმურაზ ქარჩავამ.

მდინარე მტკვარზე იგეგმება 16 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის აშენება, კიდევ 5-ის აშენება ნავარაუდევია პერსპექტივაში. მათი საერთო სიმძლავრე წელიწადში 2,5 მლრდ კვტ/სთ იქნება, რაც ამჟამად მიღწეული დონის 25%-ს უდრის. შპს „მტკვარი-ენერგიამ“, რომლის ხელმძღვანელია საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ბაკურ გულუა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჯერ კიდევ შარშან მიიღო პროექტის განხორციელების უფლება, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იღებენ.