ანაკლიის ნაპირგამაგრება აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც პროექტის განხორციელების უფლება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, 100%-ით შეასრულა სახმელეთო სამუშაოები. ამჟამად, ტეტრაპოდების ზღვაში ჩალაგების პროცესი მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია მეორე ფაზის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს ორ ეტაპად ახორციელებს და ჯამში, 4100 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებს. დაგეგმილია 3 კილომეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა. მშენებლობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დასაქმებულთა 80% ადგილობრივი მცხოვრებია.