გერმანია და ბულგარეთი "სამხრეთ ნაკადის" პროექტზე მოლაპარაკებების გაგრძელებას უჭერენ მხარს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთთან "სამხრეთ ნაკადის" პროექტის განხილვის მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე ბულგარეთის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ანგელა მერკელმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "უნდა მოხდეს იურიდიული საკითხების შესწავლა და მათი გამოყენება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის". ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ რუსმა და ბულგარელმა კოლეგებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა სამართლებრივ საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონტრაქტს დაარღვევენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "სამხრეთ ნაკადის" გაზსსადენის პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად ბულგარეთის ჩამოუყალიბებელი პოზიცია დაასახელა. "ჩვენ არ შეგვიძლია ჩავდოთ ასობით მილიონი დოლარი პროექტში, გავიაროთ მთელი შავი ზღვა და ბულგარეთთან გავჩერდეთ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ პროექტის რეალიზება ვერ მოხდება. მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება მანამდე ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობისათვის."თუ ბულგარეთს არ შეუძლია მოიქცეს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ევროკომისიას მოსთხოვოს თანხა ვერმიღებული სარგებლის გამო, რადგან მხოლოდ ტრანზიტისთვის ბულგარეთს 400 მილიონი ევრო უნდა მიეღო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირს არ სჭირდება "სამხრეთ ნაკადი", ის არ აშენდება და საკუთარ რესურს რუსეთი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებს.