მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონში" დღეს ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტმა", საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, კერძოდ მინისტრმა კახა კალაძემ და ავსტრიულმა დამოუკიდებელმა ენერგიის მწარმოებელმა RP GLOBAL - მა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.

საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტმა", RP GLOBAL -თან ერთად სპეციალურად შექმნილი კომპანია "სვანეთის ჰიდროს" მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ეს იქნება არაკაშხალური ტიპის მომდინარე წყალზე დადგმული ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მილიონ კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მესტიაჭალას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება, როგორც ადგილობრივად, ასევე ექსპორტზე გავა. ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა, მთავრობამ პრიორიტეტულად გამოცხადა ენერგეტიკის დარგი, რადგან მიიჩნევს, რომ სხვა მხრივ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. კალაძის განცხადებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული მეზობლებზე. მისი თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად აითვისოს ჰიდრორესურსები.