ლაგოდეხის ნაგავსაყრელის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა

ლაგოდეხის ნაგავსაყრელის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე არსებული მდგომარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მისივე თქმით, ლაგოდეხის ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან 43.3 მ³ ნარჩენი შედის. მისი მთლიანი ფართობი 12 209 მ² შეადგენს. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონზე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა განათება, ნარჩენები კი საიზოლაციო ფენით გადაიფარა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა თიხნარი გრუნტის მარაგიც. კეთილმოწყობის სამუშაოები სახელმწიფო მხრიდან 229 000 ლარით დაფინანსდა. დასაქმდა 26 ადამიანი, მათგან 22 ადგილობრივი მოსახლეა.

ლაგოდეხის ნაგავსაყრელი "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" საკუთრებაში 2013 წლის 14 ივნისს გადაეცა, რომელიც იმ დროისათვის, ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა. ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. მისი მოწესრიგების შემდეგ, ადგილზე სრულად მოიხსნა ანტისანიტარიის პრობლემა.