50-მდე რუკას რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში რუკების რესტავრაცია მიმდინარეობს, რაც პროექტის "ელექტრონული კარტოგრაფია" ნაწილია.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რესტავრაცია-კონსერვაცია 50-მდე რუკას ჩაუტარდა. საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა პერიოდის, მნიშვნელობის, შინაარსისა და ზომის ათასობით რუკა და გეგმაა დაცული, რომლებიც XVIII-XX საუკუნეებს მოიცავს.

პროექტი "ელექტრონული კარტოგრაფია" ითვალისწინებს ამ უნიკალური კარტოგრაფიული მასალის გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და სამომავლოდ მონაცემთა ბაზასა და კატალოგში განსათავსებლად მომზადებას. ამ დროისათვის ინტერნეტსივრცეში უკვე გამოქვეყნებულია კავკასიის 50-მდე რუკა, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს.