დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა "პანორამა თბილისთან" კავშირში არ არის

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა "პანორამა თბილისთან" არანაირ კავშირში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

საკრებულოში დღეს პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული 11 პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერი და თავად პროექტის ავტორები ესწრებოდნენ. ნარმანიას თქმით, საჯარო განხილვა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარის პოზიცია იყოს დაფიქსირებული და მოსმენილი.

"ძალიან საინტერესო 11 იდეა მოვისმინეთ. ეს პრობლემა წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ ვერც ისტორიული მემკვიდრეობა ვერ მივიღეთ, თუმცა მივიღეთ საცობები. შევარჩევთ პროექტს, რომლითაც განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი საცობებისგან", - განაცხადა ნარმანიამ.