პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამი ახალი საწარმო შეიქმნება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამი ახალი საწარმო შეიქმნება.

შესაბამისი პროექტები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოები სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული კომპონენტის მხარდაჭერით შეიქმნება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს ორ წელიწადში წარმოების ამუშავების პირობებით.

უწყების განმარტებით, მცხეთაში, სოფელ მუხრანში ორი საწარმო - მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის მერძეული-მეხორცული მიმართულების საწარმო და მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა შეიქმნება. ამისთვის კომპანია "აგროკომპლექსი მცხეთას" სახელმწიფოსგან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცა. სასათბურე მეურნეობისა და მესაქონლეობის მერძეული-მეხორცული მიმართულების საწარმოს შესაქმნელად კომპანია ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს და 300 ადამიანს დაასაქმებს. "აგროკომპლექსი მცხეთას" მიერ გამოშვებული პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ამასთან, თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე იგეგმება ასევე ლითონის მზა ნაწარმის საწარმოს შექმნა, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული საწარმოს შესაქმნელად ამ ქუჩაზე მდებარე 5633 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები შპს ,,ჯორჯიან სტილს" სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა. კომპანია ვალდებულია 2 678 010 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და პროდუქციის გამოშვება ორ წელიწადში დაიწყოს. როგორც "ჯორჯიან სტილის" წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ გამოშვებული ლითონის ნაწარმის ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი.