ღვინის მუზეუმის დაარსების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს

საქართველოში ღვინის მუზეუმის დაარსების შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია. მსოფლიოში ცნობილი ვივანკოს დინასტიის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის იდეასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.

სანტიაგო ვივანკო გამოთქვამს მზაობას, საქართველოში ღვინის მუზეუმის განხორციელების პროექტში მონაწილეობა მიიღოს. "ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში სტუმრობა. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა ღვინის მუზეუმი საქართველოში, რადგანაც თქვენი ღვინო მსოფლიო ღვინოების მამაა. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ღვინო უყვარს, უნდა მოინახულოს საქართველო", - განაცხადა სანტიაგო ვივანკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.