საქართველოსა და ჩინეთს შორის "ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის "ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იუე ბინიმ.

"შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას გრანტის სახით გამოუყოფს 30 მილიონ ჩინურ იუანს (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა განხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 250 მლნ იუანი (დაახლოებით 41.1 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების (ირიგაცია და სასათბურე მეურნეობა) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით.