გიორგი კვირიკაშვილი გუდაურში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში დასრულებული და მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო, თუ რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა და როგორ ემზადება კურორტი ზამთრის სეზონის გახსნისთვის. კვირიკაშვილი ასევე დეტალურად გაეცნო ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მუშაობის პროცესს, რომელიც საქართველოში წელს პირველად დამონტაჟდა. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელოვნური გათოვლიანების პროცესი ღამის საათებში შედგა. ხელოვნური გათოვლიანების პროცესი კურორტს საშუალებას აძლევს, აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და ყოველწლიურად წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გახსნას სათხილამურო სეზონი. აღნიშნული სისტემის მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იტალიურ-ავსტრიული კომპანია "დემაკლენკო" ახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სარემონტო სამუშაოები გუდაურში სექტემბერში დაიწყო. კურორტზე დამონტაჟდა 29 თოვლის საფრქვევი აპარატი ე.წ "თოვლის თოფი", რომელთა საშუალებითაც ხდება 1100 მეტრიანი ტრასის გათოვლიანება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუდაურის პირველი ტრასის გათოვლიანება. ასევე დასრულებულია წყლის სისტემის დამონტაჟება და სატუმბო-საკომპრესორო ნაგებობების მშენებლობა. 2015 წლიდან კი ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზა დაიწყება და 4 კილომეტრის მანძილზე მთლიანად გათოვლიანდება გუდაურის მეორე სათხილამურო ტრასა, ასევე აშენდება წყლის რეზერვუარი, ე.წ. ხელოვნური ტბა, რაც ხელოვნური გათოვლიანების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ხელოვნური გათოვლიანება - ეს არის სისტემა, როდესაც მაღალი წნევის მილებით წყალი მიეწოდება უშუალოდ აგრეგატს, ასევე მიეწოდება გაციებული ჰაერის ნაკადი, რომელიც კომბინაციაში მაღალი წნევის გამოფრქვევის შედეგად ჰაერშივე გარდაიქმნება თოვლად. ხელოვნური ტბა ზაფხულში დამატებით ტურისტულ ატრაქციად იქცევა.

გათოვლიანების სისტემის გარდა, კურორტზე განხორციელდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები: საბაგიროების გეგმიური რემონტი, არსებული ტრასების ქვებისგან გაწმენდა-გაფართოება, დამონტაჟდა საინფორმაციო მონიტორები, ღამის განათებები, რაც მოთხილამურეებს საშუალებას მისცემს, ღამითაც ისრიალონ. დამონტაჟებულია მსოფლიოში ლიდერი ავსტრიული კომპანია "სკიდატას" თანამედროვე უკონტაქტო გამშვები პუნქტები. ასევე, წელს პირველად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეძლებენ საბაგიროს აბონემენტის განვადებით შეძენას. გუდაურსა და ბაკურიანში ერთიანი სააბონემენტო სისტემა დაინერგა.