რეკორდული ზრდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ხუთშაბათს Dow Jones-ის სამეწარმეო ინდექსი 400 პუნქტზე მეტად გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

”ბიბისის” ინფორმაციით, აქციებზე ფასებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანეტ იელენმა ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

”ბიბისის” თანახმად, ინვესტორები შიშობდნენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს გაზრდიდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან მოყოლებული მინიმალურ მაჩვენებლზე იყო, ზოგჯერ კი 0%-ს შეადგენდა. თუმცა, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თანდათანობით დაიწყო ეკონომიკის მხარდამჭერი ზომების გადახედვა.

ოქტომბერში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეაჩერა ობლიგაციების შეძენის პროგრამა, რამაც ინვესტორებს აფიქრებინა, რომ ფედერალურ ფონდებზე საპროცენტო განაკვეთები მალე გაიზრდებოდა. თუმცა, ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელის ჯანეტ იელენის განცხადებით, ფონდის საბჭოს უახლოეს ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის საკითხის განხილვა არ მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება მინიმუმ 2015 წლის აპრილამდე.

”ბიბისის” ცნობით, როგორც ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ფონდი მიზანმიმართულად იყენებს განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ბუნდოვან ფრაზებს, რათა მოქმედების მეტი თავისუფლება ჰქონდეს.