ოთარ დანელია: რუსული რუბლის ვარდნას ექსპორტზე უარყოფითი გავლენა არ ექნება

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ რუსული რუბლის ვარდნას ექსპორტზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ის ვერანაირ რისკებს ვერ ხედავს. "ზოგადად, რაც ხდება სამეზობლოში და რეგიონში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ყველა ქვეყანაზე აისახება - ევროპაზეც, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არანაირ რისკს არ ვხედავთ ექსპორტის ნაწილში, პირიქით, ჩვენ უკვე გავასწარით შარშანდელი ექსპორტის მონაცემებს. ამიტომაც გავაკეთეთ სამრეწველო გადამუშავების ციტრუსის სუბსიდირება. ჩვენ თანმიმდევრულად ვაკეთებთ წინასწარ მოკვლევებს, დასკვნებს და ვაპირებთ, რომ რამდენადაც შეიძლება, გავაგრძელოთ ხელშეწყობის პროცესი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.