ევროკავშირი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გასაძლიერებლად მთავრობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარების პროექტის" პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას მინისტრი, სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

უწყების განმარტებით, დევნილთა პროგრამა IV წარმოადგენს ევროკავშირის ინსტრუმენტს, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა დევნილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში. სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირი დევნილთა დახმარების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს.

"სამინისტროში ევროკავშირის დაფინანსებითა და დახმარებით ხორციელდება დევნილთა დახმარების პროგრამა 4, ეს უკვე ნიშნავს რომ მეოთხე ფაზაა და ეს პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ანალიტიკური სამსახურის შექმნა სამინისტროში, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა საჭიროებები გვაქვს, ეს არის დახმარება დევნილებისათვის საარსებო წყაროების უზრუნველყოფაში, რომ დევნილები მუდმივად სახელმწიფოს დახმარების შემყურე კი არ იყვნენ, არამედ თავად ჰქონდეთ შემოსავალი. ამ მიზნით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროში და მას ეხმარება ევროკავშირის ეს პროექტი. კიდევ ერთი მიმართულება ეს არის ინფორმაციის სწორად და ზუსტად მიწოდება, როგორც დევნილებისათვის, ისე საერთოდ საზოგადოებისათვის", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი 20 წელზე მეტია ქართულ მხარეს დევნილებთან დაკავშირებით დახმარებას უწევს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო 16 თვის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები აქტიურად ითანამშრომლებენ სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან და გააძლიერებენ სამინისტროს შიდა რესურსებს დევნილთა მომსახურების კუთხით.