2015 წლისთვის მსოფლიოში  ნავთობის მოხმარება დაიკლებს

გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ნავთობის ფასის მოძრაობის ტენდენციები და ევროპიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

ამის შესახებ ინფორმაციას Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნავთობის ფასმა გააგრძელა ვარდნა მას შემდეგ, რაც აზიიდან გამოვიდა სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

კერძოდ, ჩინეთში წარმოების აქტიურობა, პირველად შვიდი თვის მანძილზე, დაფიქსირდა 50 ნიშნულის ქვევით. ასევე დაეცა ახალი შეკვეთების ინდექსი და დააფიქსირა 49,6 პუნქტი. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეინიშნება შენელება და არაა გამორიცხული წლის მიხედვით ქვეყანამ ვერ მიაღწიოს 7,5 პროცენტიან ზრდას. შესაბამისად, ჩინეთს სჭირდება დამატებითი ხელის შემწყობი ფაქტორები, რათა ეს ზრდა შეინარჩუნოს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის ბანკების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დაფინანსება, რაზეც უკვე გამოყოფილია 1.6 ტრილიონ დოლარამდე, ანუ 10 ტრილიონი იუანი. წარმოების აქტიურობის მაჩვენებელი ასევე შემცირდა იაპონიაში და ამჟამად შეადგენს 52 პუნქტს. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემით, 2015 წლისთვის ნავთობის მოხმარება მსოფლიოში დაიკლებს და შეადგენს 93,5 მილიონ ბარელს დღეში.

ასეთ პირობებში კი არაა გამორიცხული, კვლავ გაგრძელდეს ნავთობზე ფასის კლება და ახალი მინიმუმების დაფიქსირება. დღეის მდგომარეობით კი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე დააფიქსირა 59 დოლარი და 40 ცენტი, ხოლო ამერიკულ ნავთობზე ვაჭრობა მიმდინარეობს 54,46 ნიშნულთან.

რაც შეეხება ევროპას, მთლიანად ევროპის რეგიონში და ასევე ცალკეულ ქვეყნებში შეინიშნება წარმოების სექტორის ზრდა. ასევე გაიზარდა საქმიანობის მაჩვენებელი. კერძოდ, გერმანიაში წარმოების აქტიურობის მაჩვენებელმა გადააბიჯა 50 ნიშნულს და დაფიქსირდა 51,2 პუნქტზე, რაც წინა მონაცემთან და პროგნოზთან შედარებით გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. ზრდა დაფიქსირდა ასევე საფრანგეთში და ინდექსმა მიაღწია უკვე 49,8 ნიშნულს. მთლიან ევროზონაში კი იგი შეადგენს 50,8 ნიშნულს.

რაც შეეხება საქმიანობის აქტიურობისა და ეკონომიკური განწყობის მაჩვენებლებს, გერმანიასა და ევროზონაში ისინი მომატებულია და შეადგენს შესაბამისად 34,9 და 31,8 პუნქტებს. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე ეკონომიკის მიმართ მწარმოებლები და მომხმარებლები დადებითად არიან განწყობილნი და მომავალსაც პოზიტიურად უყურებენ. მაგრამ ევროპისთვის უპირველესი ამოცანაა დაბალ ინფლაციასთან ბრძოლა და სტრუქტურული რეფორმების გატარება, რათა ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნოს.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ