მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით სრული გაუგებრობაა

ინფორმაცია არც მთავრობაში აქვთ და არც პარლამენტში

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სტატუსის შეცვლის მორატორიუმი, შესაძლოა, ივლისამდე გაგრძელდეს. თუმცა მორატორიუმის გაგრძელებას აზრი დაეკარგება, თუკი ეკონომიკის სამინისტრო მიწის პრივატიზაციაზე მორატორიუმს ასევე გაახანგრძლივებს. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ გარკვეულან, დაიწყონ თუ არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლაზე მორატორიუმის კიდევ 6 თვით გაგრძელების ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეს ეკუთვნის. ამ ინიციატივის მიხედვით, სტატუსის შეცვლაზე შეზღუდვა 2015 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება.

დეპუტატმა შესაბამისი პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, რაზეც გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლის უფლება მიწების უცხოელებისთვის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში შეიზღუდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის მსურველები შესაბამის უწყებებს მიწაზე სტატუსს აცვლევინებდნენ და მას ხელში ამ მეთოდით იგდებდნენ.

ტყემალაძის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობაში დასასრულს უახლოვდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია იანვრის ბოლომდეა შეჩერებული. თუკი სამინისტრო მორატორიუმის ვადას ასევე არ გააგრძელებს, ტყემალაძის ინიციატივას დიდწილად აზრი ეკარგება. ”რეზონანსი” ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ამის გარკვევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სამინისტრომ მორატორიუმი ერთხელ უკვე დაარღვია და მიწების პრივატიზაცია დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი ”რეზონანსმა” აღმოაჩინა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მორატორიუმი ისევ ძალაში შევიდა. ხელისუფლება დროებითი მორატორიუმის აუცილებლობას იმით ამართლებდა, რომ მას სჭირდებოდა დრო (2013 წლის დეკემბრამდე), რათა შეემუშავებინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და შეექმნა მიწის კადასტრისა (რეგისტრაციის) და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა. თუმცა ხელისუფლება ვერ ჩაეტია კანონში გაწერილ ვადაში და მისი 2014 წლის 30 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობას არც ამჯერად ეყო დრო, რადგან სტრატეგია თვალით არავის უნახავს. როგორც ჩანს, საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და შემდეგ პარლამენტში მის განხილვას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა სწორედ ამაზე მოწმობს.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტში მხოლოდ ერთი, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ინიციატივაა შესული. ”მთავრობაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და მალე პარლამენტში შემოვა. შესაბამისად, მორატორიუმის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს”,- ამბობს აგულაშვილი.

რაც შეეხება კერძო პირების მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზაციას, მასზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნილია. მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი ავსტრიის მოქალაქის მათიას ჰუტერის სარჩელი გახდა, არადა, თავად ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების (რეგიონების) კანონებით. ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) ”კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ”, უცხოელს უძრავი ქონების შეძენისთვის სჭირდება ნებართვა. ასეთი ნებართვა კი შეიძლება გაიცეს, თუ ”სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური” ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება. თუ უცხოელს ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას ზემოხსენებულ ნებართვასთან ერთად, სჭირდება დამატებით ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”