ყველა საბაჟოზე გაუთავებელი რიგია

შემოსავლების სამსახური ყველა მეზობელ ქვეყანას ერთდროულად ადანაშაულებს

სარფის, სადახლოს, ლარსისა და წითელი ხიდის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ისევ რიგებია. როგორც ”რეზონანსთან” საუბრისას მოქალაქეები აცხადებენ, საქართველოს მხარეს ოთხივე გამშვები პუნქტი უკვე რამდენიმე კვირაა შეფერხებით მუშაობს, საზღვართან მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას, მგზავრებს კი საბაჟოზე დგომა საათობით უწევთ.

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რიგების არსებობას არ უარყოფენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ მგზავრებისა და ტვირთის დაყოვნება არა საქართველოს, არამედ მიმღები ქვეყნის გამოისობით ხდება. საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. თავდაპირველად შეფერხებით სარფის სასაზღვრო პუნქტი მუშაობდა. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებული იყო. ამის გამო ათასობით მოქალაქეს კონტროლის გასავლელად 4-5 საათი რიგში დგომა უწევდა.

სარფის საბაჟოზე ამჯერადაც რიგი დგას, თუმცა არა ისეთი, როგორც ზაფხულში. მებაჟეები თუ ტვირთს აყოვნებენ, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ეს არა საქართველოს, არამედ თურქეთის გამოისობით ხდება. რიგია ლარსზეც და სადახლოზეც. როგორც ”რეზონანსს” მოქალაქეებმა განუცხადეს, სადახლოს გამშვებ პუნქტზე რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.

”ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ვიყავი სომხეთში. საზღვარზე, საქართველოს მხრიდან მგზავრებისა და ტვირთის გატარებას მესაზღვრეები ძალიან დიდ დროს ანდომებენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდექი რიგში, რომ სპეციალური საპასპორტო კონტროლი გამევლო. სომხეთის სასაზღვრო პუნქტზე კი ასეთი პრობლემა არ ყოფილა. იმ პროცედურას, რასაც ჩვენი მესაზღვრეები 30 წუთი ანდომებდნენ, სომხები 5-10 წუთში ასრულებდნენ. გამიკვირდა, რომ ასეთი სიტუაცია დამხვდა საზღვარზე და ჩვენი მხრიდან შეფერხება იყო. ამ პრობლემას ორჯერ წავაწყდი და ორივეჯერ ჩვენი მხრიდან”, - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა ზურაბ კაკულიამ.

მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემაა საქართველოში შემოსვლის დროსაც. ზურაბ კაკულიამ სომხეთიდან საპასპორტო კონტროლი 10 წუთში გაიარა, საქართველოს საზღვარზე კი 1,5-2 საათი მოუწია რიგში დგომა. გარდა სადახლოსი, გადაადგილება შეფერხებულია საქართველო-რუსეთის საზღვარზეც. არის დღეები, როდესაც ლარსის საზღვარზე საქართველოს მხრიდან ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. ამ შემთხვევაშიც, როგორც საზღვარზე გადაადგილებული მგზავრები ამბობენ, დაყოვნება საქართველოს მხრიდანაა.

მოძრაობა შეზღუდულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე. საბაჟოზე ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, პრობლემებს აზერბაიჯანული მხარე ქმნის, რომელიც ახალი წლის მოახლოების გამო გაზრდილი ტრანსპორტის ნაკადს დროულად ვერ ატარებს.

”შეფერხება მოახლოებულ ახალი წლის დღესასწაულებს უკავშირდება. ამ დღეებში თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ძალიან ბევრი მანქანა მიდის. სხვა დროს თუ დღეში 130 მანქანა შემოდის, ახლა მათი რიცხვი 250-ს აღწევს. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ვიცი, აზერბაიჯანის საბაჟოს აქვს პრობლემა და ტრანსპორტის ნაკადს დროულად ვერ ატარებს. ბუნებრივია, იქ რომ მოძრაობა შეფერხებულია, აქაც ახდენს გავლენას”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსმა დიმიტრი ამისულაშვილმა.

საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების შეფერხებით მუშაობას შემოსავლების სამსახურში არ ადასტურებენ, საზღვარზე რიგს კი მიმღები ქვეყნების შესაბამისი სამსახურის მუშაობას უკავშირებენ. ”რიგი ნეიტრალურ ზონაში მართლაც არის, ოთხივე მიმართულებით, მაგრამ გადაადგილება ჩვენი მხრიდან არაა შეფერხებული. ტვირთის მიღების პრობლემა და გატარება მიმღები ქვეყნების საბაჟო პუნქტებს აქვთ. ორჯერ მეტი ნაკადი რომ იყოს, ჩვენი გამშვები პუნქტები მათ უპრობლემოდ გაატარებდნენ”, - განუცხადეს ”რეზონანსს” შემოსავლების სამსახურში.

საბაჟოზე გამტარუნარიანობის პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. რამდენიმეკილომეტრიან რიგში დგომით კი ზარალობს ყველა, განსაკუთრებით ის, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია გადააქვს, რადგან მაცივარი აქვს ჩართული. ეს კი მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ლოგისტიკა ისეთი სფეროა, რომელიც პუნქტუალობას მოითხოვს.

ასე თუ ისე, ამ და სხვა პრობლემების გამო საქართველო უკან-უკან იხევს. მაგალითად, ამ რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ”ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსის” მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ 77-ე ადგილიდან 116-ზე გადაინაცვლა. ეს კვლევა 160 ქვეყანას მოიცავს და ორ წელიწადში ერთხელ აფასებს ინდექსში მონაწილე ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო მენეჯმენტის ეფექტიანობას, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს, გადაზიდვების სიმარტივეს და სხვა. არადა, მთავრობის გაცხადებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად, ე.წ. ჰაბად ჩამოყალიბებაა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსაუბრია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ”საქართველო რჩება სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო ქვეყნად”, მაგრამ ამისათვის მთავრობას დიდი მუშაობა მოუწევს, რათა დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს და სამომავლოდ წინ წაიწიოს.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”