ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთია მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის შედეგები."მინდა აქვე განვმარტო, თუ რა ხდება ზოგადად რეგიონში და მსოფლიოში, - მოგეხსენებათ რეგიონში რთული ვითარებაა უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე. იცით, რომ ნავთობის ფასი დღითიდღე მცირდება და ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, რაც თავისთავად აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, რომ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება საშუალოდ 5 %. ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და წარმატება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით ამ შედეგებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. "დღეს სახელმწიფომ შექმნა კერძო სექტორის სწორად და ხანგრძლივად განვითარებისთვის სასურველი გარემო. 2 წლის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 ათასზე მეტი ახალი ბიზნესსუბიექტი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მიდგომით, შემდეგ ორ წელიწადში ინტენსიურად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ამ კუთხით მინდა გამოვყო სახელმწიფო პროგრამა - "აწარმოე საქართველოში". ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 25 ახალი საწარმო. ეს არის ქართული წარმოების ხელშეწყობა, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ძნელი წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანია, მალე მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ქართული ნაწარმი, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი აქ წარმოებულ პროდუქციას ჰქონდეს გასაღების შესაძლებლობა ყველაზე დიდ ბაზარზე მსოფლიოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით არაერთი ახალი საწარმო გაიხსნა.